კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

რააბი ჯონსონზე: დაბრუნდება საჭესთან და ძალიან მალე გაგვიძღვება წინ ამ კრიზისში

დომინიკ რააბი
REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის, თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ახალი კორონავირუსისგან მალე გამოჯანმრთელდება. რააბი ჯონსონს "მებრძოლს" უწოდებს. 

ახალი კორონავირუსის შესახებ გამართულ ბრიფინგზე რააბმა თქვა, რომ ჯონსონი "კარგ განწყობაზეა" და დახმარების გარეშე სუნთქავს. 

"ვფიქრობთ და ვლოცულობთ ჩვენი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობაზე, ქერისთან და მთელ მის ოჯახთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, ის ამას გადაიტანს, რადგან თუკი ერთი რამ ვიცი პრემიერმინისტრის შესახებ, ისაა, რომ მებრძოლია. და ის დაბრუნდება საჭესთან, ძალიან მალე გაგვიძღვება წინ ამ კრიზისში,"- თქვა რააბმა. 

რააბის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ბორის ჯონსონის პრესსპიკერმა თქვა, რომ პრემიერმინისტრის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს მხნედ გრძნობს. პრესსპიკერისვე თქმით, ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, ჯონსონს მართვითი სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გუშინ, 6 აპრილს გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისი წარმომადგენლობა აცხადებს, ეს ზომები პრევენციულია და ჯონსონს მართვისი სუნთქვის აპარატი ჯერ არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მომდევნო ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის, დაახლოებით, 56 000 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 6 171 ადამიანი გარდაიცვალა, 320 კი - გამოჯანმრთელდა. 

გაერთიანებული სამეფო აპრილის ბოლოს მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას გეგმავს. ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, აპრილის ბოლოს ინგლისში დღეში 100 ათასი ტესტი ჩატარდება. ჯონსონმა განაცხადა, რომ სწორედ მასობრივი ტესტირებების ჩატარებით დაამარცხებდნენ ვირუსს.

კომენტარები