ფინეთი

ფინეთი კორონავირუსზე მოქალაქეების ტესტირებას შემთხვევითი შერჩევით დაიწყებს

Reuters

ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალ კორონავირუსზე მოქალაქეების ტესტირებას შემთხვევითი შერჩევით დაიწყებენ. შემთხვევით შერჩეულ, ყველა ასაკის წარმომადგენელ პირებს ქვეყნის მთავარი საავადმყოფოები მისწერენ და ანტისხეულებზე ტესტირებას შესთავაზებენ.

ამ გზით, ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ აღმოაჩენენ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ვირუსის მატარებლებს სიმპტომები არ გამოუვლინდათ და შესაბამისად მის გავრცელებას უკეთ გააკონტროლებენ.

"კვლევის მთავარი მიზანია განვაახლოთ ინფორმაცია იმაზე, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ანტისხეულები, რაც ვირუსით ინფიცირების ნიშანს წარმოადგენს. მოსახლეობაში ანტისხეულების აღმოჩენის შეფასების შედეგად შევძლებთ თვალყური მივადევნოთ ეპიდემიის მასშტაბებს და მის გავრცელებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში." ნათქვამი სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევითი შერჩევით ტესტირების პირველი ეტაპი დედაქალაქ ჰელსინკში ჩატარდება. ამის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს არის თუ არა საჭირო ვირუსთან საბრძოლველად დამატებითი ზომების მიღება.

ანტისხეულების აღმომჩენი ტესტი ადამიანის ორგანიზმის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ანტისხეულებს ნახულობს. ამ ტიპის ტესტირების დროს გამოიყენება ფერმენტშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ე.წ. ELISA, მასალაში მოლეკულები ანტისხეულს ან ანტიგენს უკავშირდება და წარმოიქმნება აღქმადი სიგნალი. ამგვარი ტიპის ტესტი შეიძლება ჩატარდეს ლაბორატორიაში ან ლაბორატორიის გარეთ (Point of Care), დამოკიდებულია ტესტის ტიპზე. ეს ტესტი გამოიყენება ზოგადი ინფექციის და მოსახლეობის იმუნური სტატუსის შესაფასებლად. ანტისხეულებზე ტესტი აჩვენებს ორ რამეს, ვის აქვს გადატანილი - ოღონდ, ამას 2 კვირის შემდეგ აჩვენებს და ვის აქვს მწვავე პროცესის დროს, სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 7 დღეში. მიმდინარე ინფექციის აღმოსაჩენად ტესტის გამოყენება შესაძლოა სკრინინგულად (დაავადების საწყის ფაზაში ტესტი შესაძლოა არ იყოს სანდო).

ფინეთში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1,882 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 25 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 300.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევითი შერჩევით მოსახლეობის ტესტირება დაიწყო ისლანდიაში, სადაც აღმოაჩინეს, რომ ვირუსის მატარებელთა 50%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

კომენტარები