ჩრდილოეთ კარელიის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ფინეთიდან რუსეთის მოქალაქე გააძევეს, რომელმაც მანამდე ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE წერს, რომ გაძევებული კაცი კსკ ვაგნერის ყოფილი წევრია, რომლის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ გამოცემა ივნისში იტყობინებოდა. YLE-ს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს ევგენი ჰქვია.
ჩრდილოეთ კარელიის სასაზღვრო სამსახურმა გამოცემას დაუდასტურა, რომ გაძევებულ პირი წარსულში სამხედრო იყო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
YLE-სთან საუბრისას ჩრდილოეთ კარელიის სასაზღვრო სამსახურის მეთაურის მოადგილემ, მიკო კალინენმა თქვა, რომ რუსეთის მოქალაქის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება ფინეთის საიმიგრაციო სამსახურმა მიიღო.
ცნობისთვის, ფინეთის სასაზღვრო სამსახური 17 ივნისს იტყობინებოდა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს. YLE წერდა, რომ დაკავებული პირი კსკ ვაგნერის ყოფილი წევრი, ევგენი იყო, ხოლო პროკრემლისტური ჟურნალისტი კოსტი ხეისკანენი იტყობინებოდა, რომ ის კსკ ვაგნერის ყოფილი წევრი, ჟასლან მუსტახანოვია, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც ევგენი შპარტუნი.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რომ დაკავებული პირი სოციალურ ქსელებსა და რუსული პროპაგანდისტული არხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში საკუთარ სამხედრო გამოცდილებაზე აქტიურად საუბრობდა. კსკ ვაგნერის ყოფილი წევრი ამბობდა, რომ 2022 წელს რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში თავისი გაწევრიანდა და ბახმუტში ვაგნერის ოპერაციებში მონაწილეობდა. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის 433-ე მოტომსროლელი პოლკის მოიერიშე ასეულს მეთაურობდა, რომელიც დონეცკის ოლქში სელიდოვოს შტურმში მონაწილეობდა.
Yle აღნიშნავდა, რომ 2024 წლის შემოდგომიდან მუსტახანოვი საჯაროდ აღარ გამოჩენილა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის მეთაურობას აკრიტიკებდა. შემდგომ, 30 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში მეთაურებს ღალატში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ისინი ჯარისკაცებს "ველზე გასახრწნელად" ტოვებდნენ და მოკლულთა ოჯახის წევრებს ატყუებენ. Yle წერდა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების დროს მუსტახანოვი ფინეთში იმყოფებოდა.





