ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს ინფორმაციით, ფინეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის წევრი დააკავა, რომელმაც ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
მანამდე, ფინეთის სასაზღვრო სამსახური 17 ივნისს იტყობინებოდა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კაცი დააკავეს.
Yle დაკავებულ პირს ევგენიდ მოიხსენიებს, ხოლო პროკრემლისტური ჟურნალისტი კოსტი ხეისკანენი იტყობინება, რომ ის კსკ ვაგნერის ყოფილი წევრი, ჟასლან მუსტახანოვია, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც ევგენი შპარტუნი.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ დაკავებული პირი სოციალურ ქსელებსა და რუსული პროპაგანდისტული არხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში საკუთარ სამხედრო გამოცდილებაზე აქტიურად საუბრობდა. კსკ ვაგნერის ყოფილი წევრი ამბობდა, რომ 2022 წელს რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში თავისი გაწევრიანდა და ბახმუტში ვაგნერის ოპერაციებში მონაწილეობდა. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის 433-ე მოტომსროლელი პოლკის მოიერიშე ასეულს მეთაურობდა, რომელიც დონეცკის ოლქში სელიდოვოს შტურმში მონაწილეობდა.
Yle აღნიშნავს, რომ 2024 წლის შემოდგომიდან მუსტახანოვი საჯაროდ აღარ გამოჩენილა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის მეთაურობას აკრიტიკებდა. შემდგომ, 30 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში მეთაურებს ღალატში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ისინი ჯარისკაცებს "ველზე გასახრწნელად" ტოვებდნენ და მოკლულთა ოჯახის წევრებს ატყუებენ. Yle წერს, რომ ვიდეოს გამოქვეყნების დროს მუსტახანოვი ფინეთში იმყოფებოდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ფინეთის ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ დაუდასტურათ, რომ რუსეთიდან შესულ პირთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ კსკ ვაგნერში მსახურობდა, წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს. სასაზღვრო სამსახური მას სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს
კრიმინალური პოლიციის ცნობით, არკვევენ, არსებობს თუ არა დაკავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.
მანამდე, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შემავალი ნეონაცისტური რუსიჩის ჯგუფის წევრი, იან პეტროვსკი ფინეთში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს. კიევი მის გადაცემას ითხოვდა, თუმცა ჰელსინკიში ამაზე უარი თქვეს და მისი თავად გასამართლება გადაწყვიტეს.
ნეონაცისტური დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩი იბრძოდა როგორც დონბასში, ასევე სირიასა და აფრიკაში, თუმცა კსკ ვაგნერის შემადგენლობაში. ამჟამად, როგორც თავად ჯგუფის წევრები ამბობენ, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედიან.
ამას გარდა, იან პეტროვსკის ფინეთში პატიმრობის პარალელურად, 2024 წლის სექტემბერში ნეონაცისტური ჯგუფი წერდა, რომ ფინეთის საზღვარზე პატრულირებაში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) დაეხმარებოდნენ.





