ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეპისკოპოსი ნიკოლოზი: აღდგომის წირვაზე მნიშვნელოვანი დიდ ხუთშაბათს ზიარებაა

ინტერპრესნიუსი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ აღდგომის ზიარებაზე მნიშვნელოვანი დიდ ხუთშაბათს ზიარებაა.

რაც შეეხება აღდგომას, მიტროპოლიტის თქმით, სინოდი ჯერაც ფიქრობს, როგორ ჩატარდება აღდგომა.

"ადგომის წირვაზე ზიარება ხომ მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დიდ ხუთშაბათს ზიარება. საერთოდ, ყველაზე მეტი ადამიანი ეზიარება დიდ ხუთშაბათს. საერთოდ, ნათქვამია, რომ ქრისტიანი არ უნდა დარჩეს უზიარებელი. ასეა ნათქვამი, მაგრამ ეს ჩვენს პირობებში როგორ იქნება - იმდენი საფიქრალია და იმდენი საზრუნავი, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. განხილვას არ სჭირდება დიდი დრო, ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული. ეს გადაწყვეტლებები, სავარაუდოდ, იქნება მიღებული დიდი ხუთშაბათის შემდეგ, როცა პირისპირ დავდგებით აღდგომის დღესასწაულთან", - თქვა მღვდელმთავარმა.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საეკლესიო დღესასწაულებიდან 2-3 კვირაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს. საქართველოს ხელისუფლებაც პიკს სწორედ ამ პერიოდში ელოდება.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომლითაც მსოფლიოში 1 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი დაიღუპა. სხვადასხვა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, დაკეტილია მაღაზიები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები. საქართველოში მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები აგრძელებენ, მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

პაპი ფრანცისკე მრევლის გარეშე წირავს, სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქოებმა, ასევე მსოფლიო საპატრირქომ ცარიელ ტაძრებში წირვის და მათი დისტანციურად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და გეგმავს, ეპიდემიის და მოქალაქეების დაინფიცირების დიდი საფრთხის მიუხედავად, წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

კომენტარები