კორონავირუსი ჩინეთში

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჩინეთის ტურისტულ ადგილებში კვლავ ხალხმრავლობაა

Cnn

ჩინეთის მთავარ ქალაქებსა და ტურისტულ ადგილებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კვლავ ხალხმრავლობაა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით კი, ეს რისკის შემცველია, რადგან პანდემიის განვითარების საფრთხე კვლავ არსებობს, - ამის შესახებ CNN წერს.

Global Times-ის ცნობით, 4 აპრილს, ანხოის პროვინციაში, ხუანშანის მთის პარკში შესვლის მსურველთა რაოდენობამ დილის 7 სთ-სა და 48 წთ-ზე პიკს მიაღწია და ხელისუფლების განცხადებით, იქ შესვლა აღარ შეიძლებოდა, რადგან სტუმართა რაოდენობა უკვე 20 000-ს შეადგენდა.  

CNN-ის გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი ერთად არის შეკრებილი. ზოგიერთ მათგანს პირბადე უკეთია.

CNN-ის ცნობით, ხალხმრავლობა იყო შანხაიშიც. გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთ რესტორანში მომსახურების მისაღებად წინასწარი ჯავშანიც კი იყო საჭირო. ხახლმრავლობა იყო პეკინშიც, სადაც ადგილობრივები დიდი რაოდენობით სტუმრობდნენ პარკებსა და სხვა სივრცეებს.

ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა ამჟამად ეპიდემიის გავრცელებამ იკლო, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეპიდემიის დასრულებულად გამოცხადება ნაადრევია.

კომენტარები