კორონავირუსი

ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სპეციალური ნიღბები შექმნა

21 წლის ამერიკელმა სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის განკუთვნილი ნიღბები შექმნა. აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტში ლოურენსი სმენადაქვეითებული პირების განათლებას სწავლობს.

ნიღბებს პირის ადგილზე გამჭვირვალე ნაწილი აქვს. ამგვარად, სმენადაქვეითებულ ადამიანების სხვისი საუბრის გაგება ნიღბის ტარების დროს, ტუჩების მოძრაობით შეეძლებათ.

"ჩვენ ახლა პანიკაში ვართ და ბევრ ადამიანზე უბრალოდ არ ვფიქრობთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროსაც კი, ადამიანებს კომუნიკაცია ჰქონდეთ," - თქვა ლოურენსმა. 

ლოურენსმა ნაჭრის ნიღბები დედის დახმარებით, საწოლის ზეწრებისგან შეკერა. 

მან გაითვალისწინა ის ადამიანებიც, ვისაც შესაძლოა ყურის აპარატი აქვთ და ამიტომ, ნიღბების ნაწილს არა ყურებზე გასაკეთებელი, არამედ შესაკრავი თასმები გაუკეთა.

ლოურენსი ნიღბებს უფასოდ არიგებს. მან შექმნა GoFundMe-ს გვერდი, სადაც მსურველებს მასალისა და ტრანსპორტირების ხარჯებისთვის მისი დახმარება შეუძლიათ. 

მისი განცხადებით, თუ თანხა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ნიღბების შეკერვას და ტრანსპორტირებას დასჭირდა, შემოწირულობას სმენადაქვეითებული ადმიანების დასახმარებელ არასამთავრობო ორგანიზაციას Hands&Voices გადაურიცხავს.

3 აპრილს ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელებს არასამედიცინო ნიღბების ტარება ურჩია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ქირურგიული ან რესპირატორული ნიღბის ტარებას არ ურჩევს, რადგან ეს პირბადეები დეფიციტშია და მედიკოსებისთვის, ვინც კორონავირუსის მქონე პაციენტებს მკურანობენ, ინახავენ.

აშშ-ში 5 აპრილის ამჟამინდელი ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით 8 454 პირი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 311 637 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელებულია 14 828 პირი.

კომენტარები