ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: Covid 19-ით ინფიცირებულთა მიღება 20 კლინიკას შეუძლია, ორშაბათიდან 9 დაემატება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკაა სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით ინფიცირებული და ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები მიიღოს.

მისივე თქმით, ორშაბათიდან მათ კიდევ 9 კლინიკა დაემატება.

"პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებლობა არის, რომ დამატებით ჩაერთოს კიდევ 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულიად მობილიზებული Covid 19-თან ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რეგიონებში ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება, ისინი მიიღებენ კორონავირუსის პაციენტებს, ასევე, ცხელების პაციენტებს. მოხდება ადგილზე მათი ტრიაჟი (ავადმყოფთა დახარისხება) და შესაბამისად გადამისამართდებიან ან სახლში - თვითიზოლაციაში, მათ ოჯახის ექიმი მართავს და რთული შემთხვევები იქნებიან ჰოსპიტლებში და მათ ექიმები უმკურნალებენ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ცდილობს, ექიმები, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ, ყველა საჭირო ინვენტარით მაქსიმალურად აღჭურვონ.

ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა მზარდი ნაკადების სამართავად მზად არის.

"მნიშვნელოვანია, რომ 112-ის ხაზი, რომელიც დაკავშირებულია პირველად ჯანდაცვასთან, სატესტოდ უკვე მუშაობს. თბილსში ის წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ტექნიკოსები მას აკვირდებან. 2 დღეში ზარების სრულად განხორციელება შეიძლება, ყველანაირი შეფერხების გარეშე. ექიმები 2 თვეზე მეტია, გადიან შესაბამის ტრენინგს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მზადყოფნა არის სრულყოფილი, თუმცა, ჩვენი მხრიდან მუდმივი მონიტორინგი მაინც განხორციელდება, რათა არ მოხდეს გარკვეული გადაცდომები, რაც შეიძლება იყოს გარკვეული რისკების მატარებელი".

3 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 319;

კომენტარები