გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 50 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

CNBC

2 აპრილის ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 50 968 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი ვირუსით დაინფიცირების 996 836 შემთხვევაა გამოვლენილი, 208 631 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

737 237 პაციენტი ამჟამად მკურნალობას განაგრძობს, აქედან 37 000 პირის მდგომარეობა კრიტიკული ან სერიოზულია.

ახალი ვირუსით ყველაზე მეტი, 13 915 ადამიანი იტალიაში გარდაიცვალა, ქვეყანაში ინფიცირების 115 242 შემთხვევა დადასტურდა. 18 278 პირი გამოჯანმრთელდა. იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ესპანეთში (10 096).

დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი, 228 777 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, სადაც 5 373 პირი დაიღუპა, 10 280 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ჩინეთს, კომუნისტური მთავრობის ინფორმაციით, 1 მილიარდ 368 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 81 589 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 3 318, 76 408 გამოჯანმრთელდა. ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებენ.

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა. ქალაქის ერთერთ პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

კომენტარები