საბერძნეთში სააღდგომო წირვა მრევლთან ერთად 26-27 მაისს, აღდგომის წარგზავნის დღეს ჩატარდება

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა ონლაინ რეჟიმში

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს, სააღდგომო ლიტურგიას მრევლის გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს, ხოლო მრევლთან ერთად 26 მაისის საღამოს - 27 მაისის გამთენიას "აღდგომის წარგზავნის" დღესასწაულზე შეიკრიბება. ასეთი გადაწყვეტილება ეკლესიის წმიდა სინოდმა ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ სხდომაზე მიიღო. ეკლესიას იმედი აქვს, რომ მაისის ბოლოსთვის პანდემიის კრიზისი გადაივლის და ქვეყანაში საგანგებო ზომები მოიხსნება.

სინოდის დადგენილების მეხუთე პუნქტში წერია: "ჩვენ გვსურს და ვლოცულობთ, რომ მალე გადაიაროს საშიშროებამ, რათა ყველამ ერთად (ერმაც და ბერმაც) შევძლოთ ერთად ვიზეიმოთ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბრწყინვალე აღდგომა საზეიმო სააღდგომო ღვთისმსახურებით აღდგომის წარგზავნის დღესასწაულზე, ანუ 26 მაისის სამშაბათს შუაღამიდან 27 მაისამდე, 2020 წელს".

"დღესასწაულის წარგზავნა" მრავალდღიანი დიდი დღესასწაულის ბოლო დღეა. მართლმადიდებლური ტრადიციით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული წარიგზავნება აღდგომის დღიდან მეორმოცე დღეს - ამაღლების წინა დღით (ოთხშაბათს).  

საბერძნეთის ეკლესიის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ აღდგომის თარიღი გადაიტანა ან შეცვალა. აღდგომის წარგზავნისას ტრადიციულად კვლავ იზეიმება აღდგომის დღესასწაული. სინოდის გადაწყვეტილება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეები შეძლებენ საღვთო ლიტურგიაზე ღამისთევის ლიტურგიით განმეორებით იზეიმონ აღდგომა. 

საბერძნეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის გადაწყვეტილებით ღვთისმსახურებას ერისკაცები არ ესწრებიან.

მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან.. 

კომენტარები