კორონავირუსი

დეკანოზი ანდრია: წირვები გაგრძელდება, ზიარების წესი არ შეიცვლება, დეტალები დაზუსტდება

ქართული არხი

პატრიარქის პრესმდივნის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, საპატრიარქო გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს, თუმცა, ეს არ გაცდება სინოდის ბოლო გადაწყვეტილებას.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ "ზოგიერთი დეტალი დაზუსტდება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა". მისი თქმით, "ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ წირვები გაგრძელდება და იმავდროულად, დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რაც აქამდე მივიღეთ". ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, საპატრიარქოში შესაბამისი განცხადების ტექსტი მუშავდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის რეკომენდაციები არ გაცდება სინოდის გადაწყვეტილებას და იმ ოქმის ჩარჩოებში იქნება, სინოდის მორიგი სხდომის ჩანიშნის საჭიროება არ დგას.

კითხვაზე, ზიარების წესშიც არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს? პატრიარქის პრესმდივანი პასუხობს - "სინოდის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება".

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ეკლესიის პოზიცია "ძალიან საღია".

"როდესაც ადამიანები მაღაზიაში შედიან რიგითობით და სამ ადამიანს უშვებენ ერთ სექციაში, დანარჩენი მომხმარებელი დისტანციის დაცვით დგას ღია სივრცეში, იქ შეიძლება სამზე მეტი ადამიანიც იყოს და ათზეც მეტიც იყოს. ღია სივრცეში დგომა არ ითვლება დარღვევას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეკლესია მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამბობს პატრიარქის პრესმდივანი.

რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარებას, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "რასაც ვაკვირდებით, ვისმენთ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ძალიან ძნელია, ეს ყველაფერი დავუკავშიროთ ზიარებას. ვერც ჩინეთში, ვერც იტალიაში, ვერც ირანში ვერ ვიტყვით, რომ ზიარებისგან გავრცელდა ის".

პატრიარქის პრესმდივნის შეფასებით, რამდენიმე წელია, "ნებისმიერი საშუალება გამოიყენება" ეკლესიის წინააღმდეგ და ამას მოსახლეობა ხედავს.

"იქნება ეს ციანიდი, იქნება ეს ვირუსი, თუ სხვა რამ, მივეჩვიეთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს".

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან აიკრძალა სამ კაცზე მეტის შეკრება გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში, სადაც მოქალაქეებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. გაჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. 21:00-დან 06:00-მდე დაწესდა კომენდატის საათი. 

პრემიერმინისტრმა 30 მარტს განაცხადა, რომ "როცა საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", მთავრობა საპატრიარქოსთან კომპრომისს იპოვნის. 31 მარტს პრემიერი გიორგი გახარია პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, სადაც "ახალ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრეს".

კომენტარები