კორონავირუსი

ღამით შინაური ცხოველის გასეირნებაც აიკრძალა

გერმანული ნაგაზი
REUTERS

კომენდანტის საათის დროს შინაური ცხოველის გასეირნებაც აიკრძალა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, 21:00-დან 06:00-მდე ნებისმიერი გადაადგილება აკრძალულია. 

საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ღამით გადაადგილების უფლება (მაგალითად, პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, როგორც პრემიერმა თქვა ცხადდება "ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი". 

31 მარტის დილის 10:00-დან აიკრძალა:

  • სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.
  • ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, გაჩერდა მეტროს და ავტობუსების მუშაობა.
  • 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოქალაქეებს მხოლოდ ქვეითად ან მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ გადაადგილება, მათ შორის ტაქსით. მანქანაში არ უნდა იჯდეს სამზე მეტი ადამიანი, ნებადართულია მხოლოდ მძღოლი და უკან ორი ადამიანი. 
  • აკრძალულია 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა. მათ შეუძლიათ მხოლოდ უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში წასვლა.
  • 21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი - 21:00-დან დილის 06:00-მდე იკრძალება ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება. ამ პერიოდში მოძრაობა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ, რომლებსაც შესაბამისი საშვი ექნებათ, მაგალითად ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული - აქამდე აკრძალული იყო საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება, თითქმის 1 თვეა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები. მარნეული და ბოლნისი ერთი კვირაა, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კარანტინში არის 5 ათასზე მეტი ადამიანი. 

კომენტარები