საკონსტიტუციო სასამართლო

კანდელაკი: ამ სიტუაციაში "კლანის" წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა არის უღირსი საქციელი

ტაბულა

"ამ სიტუაციაში "კლანის" წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა არის უღირსი საქციელი," - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება. 

როგორც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა მითითებული, სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლე 31 მარტს უნდა დანიშნოს.

"მაშინ როდესაც, მთელი საზოგადოება გვერდით ვუდგავართ ჩვენს სამედიცინო მუშაკებს, ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში და ვზიდავთ ამ ტვირთს, ამ ფონზე, ასე მალულად, ქურდულად, კლანის წარმომადგენლის გაძვრენის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოში არის უღირსი საქციელი, საგანგებო მდგომარეობის სულისკვეთების დარღვევა და მთლიანად საზოგადოების უპატივცემულობა," - ამბობს კანდელაკი. 

მისივე თქმით, ის საკითხები და სურვილები რაც აერთიანებს საზოგადოებას, მათ შორის სასამართლოს რეფორმირების კუთხით, არსად წასულა, თუმცა ახლა ქვეყანა კორონავიურთან ბრძოლაში და საგანგებო ვითარებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა". შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე ირჩევს, მათ შორის, ახლადდანიშნული 14 მოსამართლე - შალვა თადუმაძე, ნინო ქადაგიძე, მერაბ გაბინაშვილი და ა.შ. 

კომენტარები