ბრექსითი

ევროპარლამენტარები ბორის ჯონსონს მოუწოდებენ ბრექსითის ვადა კორონავირუსის გამო გადაწიოს

დევიდ ფროსტი და მიშელ ბარნიე

ევროპარლამენტარები დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს მოუწოდებენ მის მიერ დაწესებული ბრექსითის ვადა კორონავირუსის გამო გადაწიოს.

"ამ უჩვეულო პირობებში, ვერ ვხედავ რატომ არჩევს ბრიტანეთის მთავრობა მიიღოს ორმაგი დარტყმა კორონავირუსისგან და დატოვოს ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ზარალს, როგორც შეთანხმების შემთხვევაში, ასევე მის გარეშე. გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილებაა. იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი იდეოლოგიაზე გაიმარჯვებს." თქვა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა კრისტოფ ჰანსენმა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, კორონავირუსის გამო, მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციების და სატელეფონო ზარების სახით გრძელდება.

ევროპარლამენტარების ნაწილი ამბობს, რომ ღია არიან გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებისათვის, თუმცა ჯონსონის სპიკერმა თქვა, რომ ვადის გადაწევა არ იგეგმება.

"გარდამავალი პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბერს სრულდება. ეს ბრიტანეთის კანონებშია გაწერილი." თქვა მან.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ამის შემდეგ მოქმედდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და მთავრობას ვიდეო ჩართვებით ხელმძღვანელობს. კორონავირუსი დაუდგინა ბრექსითზე ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელს, მიშელ ბარნიესაც. ამის გამო თვით-იზოლაციაშია მისი ბრიტანელი კოლეგა დევიდ ფროსტიც.

კომენტარები