აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 19 988 შემთხვევა გამოვლინდა, სულ აღრიცხულია - 163,479. გასულ 24 საათში ქვეყანაში 565 ადამიანი დაიღუპა, ჯამში კი, გარდაცვლილთა რიცხვი 3,148-ს შეადგენს. ქვეყანაში 5,506 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი პიკს 15 აპრილს მიაღწევს. IHME-ს პროგნოზით, 16 ივლისს კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა აშშ-ში არ აღირიცხება. საბოლოო ჯამში, ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი აშშ-ში 4 აგვისტოსთვის 82 141 ადამიანს იმსხვერპლებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ტრამპის თქმით ეს დირექტივები, მათ შორის სოციალური დისტანცირება "არის გამარჯვების გზა".





