რუსეთი

პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულებას მოსახლეობის 48% ემხრობა, 47% წინააღმდეგია

AFP

რუსეთის მოსახლეობის აზრი, ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ ორად გაიყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციის "ლევადა ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვლადიმერ პუტინისთვის ვადების განულებას მოსახლეობის 48% ემხრობა, ხოლო 47% წინააღმდეგია. 

კვლევის შედეგებს ადგილობრივი გამოცემა ვედომოსტი ავრცელებს. როგორც ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთა 23%-ს ძალიან მოსწონს ვლადიმერ პუტინისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივა, 25% კი იდეას დადებითად აფასებს. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, 17% ვადების განულების იდეას უარყოფითად აფასებს, ხოლო 30%-ისთვის მიუღებულია. 

გამოკითხულთა 5%-ს პასუხის გაცემა უჭირს. რუსეთში ახალი საკონსტიტუციო ცვლილები ვლადიმერ პუტინის ინიციატივით დაიწყო. პუტინის საყოველთაო მიმართვის შემდეგ, რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. 

რუსეთის ახალ პრემიერად საგადასახადო სამსახურის უფროსი, მიხეილ მიშუსტინი დაინიშნა. ვლადიმერ პუტინისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივით რუსეთის დუმაში, დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. 

იდეა კონსტიტუციურად მიიჩნია, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც. ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 22 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები