კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შესაძლოა, ქვეყანამ ადრეულ ეტაპზე, პრევენციულ ზომად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადოს. 

ამის მიზეზად ხუნდაძემ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლეტალური შედეგების დრამატული ზრდა დაასახელა. მანვე აღნიშნა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება საზოგადოების ადეკვატურ ქცევასა და ეპიდვითარების გართულებაზეა დამოკიდებული. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და ძალიან მალე შევალთ კრიზისულ პერიოდში, ვითარება კონტროლირებადია, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გართულებული შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ. თუ არ იქნა ადეკვატური ქცევა საზოგადოების და ეპიდვითარება გართულდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი საყოველთაო კარანტინის შემოღების. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. როცა გადაუდებელი საჭიროება იქნება მისი შემოღების, აუცილებლად შემოვიღებთ," - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

27 მარტს, 12:00 საათის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევა გამოვლინდა. განიკურნა - 13.

კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257 პირი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები