ლგბტქ საკითხები

სისხლის გაღება ჰომოსექსუალური კავშირიდან 12 თვის შემდეგ იქნება დასაშვები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ (მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს მამაკაცთან) თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა.

აღნიშნული რეკომენდაციით “თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა.

რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად:

ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან).

რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა. ცვლილება ძალაში 2020 წლის 31 მარტიდან შევა.

ახლა მსმ ადამიანებს დონაციის უფლება ეზღუდებათ არა 10 წლის, არამედ მხოლოდ იმ ვადით, რომელიც დონაციის უსაფრთხოებისთვის ობიექტურად აუცილებელია.

უწყების მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერში გამოცემული ბრძანება (№241/ნ) ყველაზე ხანგრძლივ, 10 წლიან შეზღუდვას მხოლოდ მსმ ადამიანებისთვის ადგენდა. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ ფანჯრის პერიოდით,12 თვით. ამგვარი რეგულირების მიზანი პოტენციური რეციპიენტების სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან დაცვაა.

თანასწორობის მოძრაობის განცხადებით: "მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, ფანჯრის პერიოდის ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია".

კომენტარები