პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, ჩვილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზვანეს და პასუხს ელოდებიან.
"ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან, დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს"- თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ ჩვილის დედა დადასტურებულად ინფიცირებული ჯერჯერობით არ არის.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 73 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.





