კორონავირუსი

"მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, ვიზრუნოთ ერთმანეთზე" - ბორჯომის ეპისკოპოსი მრევლს მიმართავს

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა ლაზარე სამადბეგიშვილმა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ეპისკოპოსის მიმართვას, რომელიც ბორჯომის ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა, ის თავად ავრცელებს Facebook-ის გვერდზე

ეპისკოპოსი წერილს ესაია წინასწარმეტყველის (26-20) სიტყვებით იწყებს:"მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს"

ეპისკოპოსი ლაზარე მრევლს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დადგენილი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდებს:

"რთული განსაცდელის წინაშე ვდგავართ განსაკუთრებული რეჟიმის გამო, რომელიც გამოწვეულია COVID-19-თან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ და უმორჩილესად გთხოვთ, რომ სიყვარულითა და ერთმანეთის ზრუნვით გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ბატონი ამირან გამყრელიძე გვაცნობებს ვირუსის პიკური პერიოდი იწყება და შევდივართ გარკვეულ პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებამ რასაც დღეს ქვეყანა ატარებს.

სამწუხაროდ ზოგიერთი ჩვენი თანამემამულეები ვერ იცავენ ამ წესებს და ბატონ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით დღეიდან იზღუდება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. საგანგებო მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

ამის გამო მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია.

  • ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.
  • ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.
  • მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა.
  • საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ. "- წერია ეპისკოპოსის მიმართვაში. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის. 

კომენტარები