კორონავირუსი

WHO ახალგაზრდებს: უძლეველნი არ ხართ, ვირუსის გამო შესაძლოა საავადმყოფოში მოხვდეთ ან მოკვდეთ

ABC

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა პრესკონფერენციიაზე ახალგაზრდებს მიმართა და უთხრა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ უძლეველები არ არიან.

"დღეს მე ახალგაზრდა ხალხისთვის გზავნილი მაქვს - თქვენ არ ხართ უძლეველები, ამ ვირუსს შეუძლია საავადმყოფოში კვირების განმავლობაში მოგახვედროთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთვევაში, თუ ავად არ გახდებით, არჩევანმა, თუ სად წახვალთ, ვიღაცისთვის, შესაძლოა, სასიკვდილო რისკი შექმნას".

როგორც ტედროს ადანომ გებრაიესუსი აცხადებს, ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად მთავარია სოლიდარობა - "სოლიდარობა ქვეყნებს შორის, თუმცა, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორის".

მსოფლიოში კორონავირუსი 282 744 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 820, გამოჯანმრთელებულია 93 509.

5 მარტს ჯანმო-ში განაცხადეს, რომ დაავადებით გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3.4% იყო. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ეს რიცხვი გაცილებით მაღალი 8%-ია.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თებერვლის კვლევით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა 86.6%, 30-დან 79 წლამდე პირი იყო.

აქედან 70-დან 79 წლამდე 8.8%, 60-დან 69-მდე - 19.2%, 50-დან 59 წლამდე - 22.4%, 40-დან 49 წლამდე - 19.2%, 30-დან 39 წლამდე - 17%.

რაც შეეხებათ, 80-დან 89 წლამდე პირებს, დადასტურებული შემთხვევებიდან 2.9% იყო, ხოლო 90 წელსა და უფრო მეტად ასაკოვნები 0.3%. უფრო ახალგაზრდა ასაკოვან კატეგორიას რაც შეეხება, იმჟამად დადასტურებული შემთხვევებიდან 20-დან 29 წლამდე დაავადებულების 8.1% იყო, 10-დან 9 წლამდე 1.2%, 0-დან 9 წლამდე - 0.9%.

ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14.8% 80 წელზე მეტ გადაცილებულ ადამიანებში იყო.

44 672 შემთხვევიდან, რომელიც 1 023 ფატალურად დასრულდა, აქედან 10-დან 39 წლამდე პირების სიკვდილიანობა იყო 0.2%, 40-დან 49 წლამდე - 0.4%, 50-დან 59 წლამდე - 1.3%, 60-დან 69 წლამდე - 3.6%, 70-დან 79 წლამდე - 8%, 80 წლის და უფრო ასაკოვნებში 14.8%.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის 17 მარტს გამოქვყნებული ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია. იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

კომენტარები