ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერის თქმით, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ თან საგანგებო რეჟიმი იყოს ქვეყანაში შემოღებული და თან საკონსტიტუციო ცვლილებები არ გაჩერდეს.
ბოკერია ამბობს, რომ ამას პოლიტიკური ნება ჭირდება. მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგებო ზომები უკვე მიღებულია.
ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ თუ გახდება საჭირო საკონსტიტუციო საგანგებო რეჟიმის შემოღება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნას შემოღებული.
"უნდა გვესმოდეს, რომ როცა საგანგებო საკონსტიტუციო რეჟიმზეა საუბარი, ზუსტად უნდა ითქვას კერძოდ რა ზომების მიღება სჭირდება მთავრობას ისეთი, რომელსაც დღეს ვერ იღებს. ამას თუ იტყვიან, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველა დაუჭერს მხარს, ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო რეჟიმს, კონკრეტული შეზღუდვების მისაღწევად,"-ამბობს ბოკერია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ამბობს, რომ კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება და მას შემდეგ გრძელდება, რაც საგანგებო რეჟიმი გაუქმდება.
8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 პრინციპით ჩატარდება. 130 დეპუტატს პროპორციული წესითა აირჩევენ და 20-ს მაჟორიტარულით.
კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და საკონსტიტუციო განხილვა უნდა დაიწყოს. ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.
8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, შეთანხმებისას კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იყო საუბარი და ამ პირობის შესრულების გარეშე შეთანხმება ჩაიშლება. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გავრებზე არ ყოფილა საუბარი.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.