ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საკონტიტუციო საჯარო განხილვების გადადება საჭირო და მიზანშეწონილი არ ჰგონია. კაპანაძის თქმით, შესაძლებელია მისი სხვადასხვა ფორმით ჩატარება.
"განხილვები შესაძლებელია ჩტარადეს ჩართვების, ონლაინ შეხვედრების, ტელევიზიის, ტელეკონფერენციების გამოყენებით. ბუნებრივია, დღეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა და ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსაკუთრებული ზომები სჭირდება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა დღევანდელი ტექნილოგია. ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროდ ამის გადადება," - ამბობს კაპანაძე.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30-ზე სისტემით უნდა ჩატარდეს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება ჭირდება. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილია. არაერთი დაწესებულება დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.