კორონავირუსი

კორონავირუსი - მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მეჩეთებში კოლექტიურ ლოცვებს დროებით აჩერებს

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

კორონავირუსის გამო, საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვებს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება მუსლიმმა სასულიერო პირებმა 19 მარტს მიიღეს. მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ინდივიდუალური ლოცვის მსურველთათვის.

"ვინაიდან ახალი კორონავირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ზემოთ ხსენებული ლოცვების ჯამაღეთით შესრულების ვალდებულება დროებით მოხსნილია. ამ შემთხვევაში პარასკევის ლოცვის ნაცვლად, საკუთარ სახლებში შუადღის ლოცვა შესრულდება.

მეჩეთებში გაგრძელდება ეზნის კითხვა და ღია დარჩება ლოცვის ინდივიდუალურად შესრულების მსურველთათვის" - აცხადებს მუსლიმთა სამმართველო და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს მოუწოდებს, "შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ ოპტიმიზმით განწყობილი, არ ჩავვარდეთ პანიკაში, სრულად დავიცვათ ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მივენდოთ ღმერთს".

"ახსოვდეს ყველას, რომ მხოლოდ მტკიცე რწმენითა და ოპტიმიზმით შევძლებთ სიძნელეებზე გამკლავებას. ვილოცოთ ყველამ ამ სირთულიდან თავის დაღწევისა და თითოეული სნეულის მალე გამოჯანმრთელებისთვის. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს კი ვუსურვებთ გამძლეობას და მოთმინებას. შევთხოვთ დიად გამჩენს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა მსგავსი უბედურებებისა და ეპიდემიებისგან დაიფაროს" - ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები