გამყრელიძე: გვაქვს ინიციატივა, სოციალური დისტანცირების ზომები სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პრემიერს სთავაზობს, სავალდებულო იზოლაციის მასშტაბები გაიზარდოს და სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა, თავშეყრის ყველა დაწესებულებას შეეხოს.

გამყრელიძის თქმით, ამ წინადადებით პრემიერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმართა.

"გუშინ დასრულდა 3 კვირა მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ 3 კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იმ ღონისძიებებით, რომლებიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში.

მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების. დღევანდელ სხდომაზე ყველა სექტორმა პრემიერს ის ღონისძიებები გააცნო, რაც ტარდება, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები ქვეყანაში. გარდა რესტორნებისა, კაფე-ბარებისა და ა.შ, სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით.

პრემიერმა უწყებებს დღის ბოლომდე ზომების კიდევ უფრო შესაძლებელ გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაავალა ," - თქვა გამყრელიძემ. 

მისივე განცხადებით, შესაბამისად, მიღებული იქნება სამთავრობო გადაწყვეტილები გამკაცრების კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1.

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ კაფე-ბარებსა და რესტორნები, ასევე თავშეყრის სხვა ადგილებში სიარულისგან.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

კომენტარები