კორონავირუსი

მსოფლიო საპატრიარქო: მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურების და წესის შესრულება

Νίκος Μαγγίνας / მსოფლიო საპატრიარქო

კორონავირუსის გამო, მსოფლიო საპატრიარქომ მარტის ბოლომდე ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მხოლოდ ღია ეკლესიებში პირად ლოცვებს არ ეხება. ასევე, საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ დაუშვებენ მომლოცველებს და ვიზიტორებს. შეზღუდვები მოგვიანებით გადაიხედება - პანდემიის გავრცელების შესაბამისად.

"რადგან მსოფლიოში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, მსოფლიო საპატრიარქო თვალყურს ადევნებს მდგომარეობას თავისი უმაღლესი პასუხისმგებლობის განცდით მორწმუნეთა და განურჩევლად ყველა ადამიანის წინაშე და 11 მარტის გადაწყვეტილების შემდეგ, დამატებით, ქალაქში მყოფ იერარქთა შეკრებისას აცხადებს:

  • მსოფლიო საპატრიარქო ყველას გასაგონად იმეორებს, შეამცირონ სახლიდან გამოსვლა და გარეთ მოძრაობა, დარჩნენ სახლში, მათივე უსაფრთხოებისა და სხვა ადამიანების დასაცავად.
  • აქებს იმ ადამიანების თავგანწირვის სულს, რომლებიც იღწვიან ჯანდაცვის სფეროში და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ზეადამიანური შრომითა და მცდელობებით ეხმარებიან დაავადებულ თანამოქალაქეებს, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელსაც Covid 19 წარმოდგენს მათთვის.
  • ხაზს უსვამს იმ საჭირო ზომების შესრულების აუცილებლობას, რასაც შესაბამისი პასუხიმგებელობის მქონე ჯანდაცვის დარგის წარმომადგენლები ითხოვენ.
  • მსოფლიო საპატრიარქოს ზოგიერთ ეპარქიაში უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, აცხადებს საეკლესიო გადაწყვეტილებას - მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელების შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები.
  • იგივე წესით, მსოფლიო საპატრიარქოს ადმინისტრაცია დარჩება დაკეტილი, მომდევნო სიახლეებამდე, მაგრამ მსოფლიო პატრიარქი და საპატრიარქო რეზიდენციის სასულიერო დასი განაგრძობს საღმრთო მსახურებებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს ილოცებს მთელი მსოფლიოსათვის" - წერია მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის გენერალური სამდივნოს განცხადებაში, რომლის ქართული თარგმანიც წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრს ეკუთვნის.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 217 000-ს გადაცდა. აქედან დაიღუპა თითქმის 9 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 84 000.

კომენტარები