კორონავირუსი

კორონავირუსის გამო ლას-ვეგასის კაზინოები დაიხურება

Hoodline

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ლას-ვეგასში კაზინოები დაიხურება.  

"ხალხი კვდება, კორონავირუსი ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლეზე ახდენს გავლენას. ყოველი გადადებული დღის შედეგ ათობით ადამიანი იღუპება", - თქვა გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა. 

კაზინოებთან ერთად დაიხურება ყველა დაწესებულება, რომელთა მუშაობა აუცილებელი არ არის. რესტორნები და კაფეები მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისზე იმუშავებენ. 

ლას-ვეგასის კაზინოები 24 საათის განმავლობაში იღებდა სტუმრებს. ბოლო შემთხვევა, როდესაც ლას-ვეგასის კაზინოები დაიხურა, 1963 წელს იყო, ჯონ კენედის დაკრძალვის დღეს. 

გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 19 მარტს, შევა ძალაში. 

კორონავირუსის გამო, ამერიკის მოსახლეობას მოუწოდებენ, არ წავიდნენ რესტორნებსა და კაფეებში. ასევე, აკრძალულია ათ ადამიანზე მეტის შეკრება. მოხუცებს კი სთხოვენ, დარჩნენ სახლში. 

ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების 6 522 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 116 ადამაინი, გამოჯანმრთელდა 106. 

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები