დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა.
რამდენიმე საათით ადრე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ერთი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევის ირგლივ ეპიდკვლევა მიმდინარეობს და დგინდება პაციენტების კონტაქტები.
"რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, მე პატარა კორექტივს შევიტანდი - ამ შეთმხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონმა მარინამ ისაუბრა, ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ღრმა ეპიდკვლევას დაახლოებით 20-იდან 25-მდე კონტაქტზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ამ პაციენტის ინფიცირების წყარო..ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ გვაქვს ინფიცირების შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია, ვმუშაობთ ინტენსიურად, ვლინდება ძალიან ბევრი კონტაქტი - დღესაც დადგინდა ამ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ზოგიერთი პირები უკვე აღებულია მათი ნიმუშები და ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც გავალთ პირველწყაროზე", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამასთანავე, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ დაინფიცირების უცნობი წყაროთი დაავადების შემთხვევები უახლოეს პერიოდში დაფიქსირდება და საგანგაშო ამაში არაფერია. "ამის მიუხედავად, მე ადრეც მითქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ მომავალ კვირაში ჩვენ უკვე გვექნება შემთხვევები სადაც ვეღარ გავალთ ინფიცირების პირველწყაროზე", — განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს 17 მარტს დღის მეორე ნახევარში აღებული 11 ტესტის პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი და მისი შედეგებს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ. ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით - Covid-19-ით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო 64 სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით განკურნების მხოლოდ ერთი შემხთხვევაა დადასტურებული. როგორც ცნობილია გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.





