არჩევნები 2020

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

114 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. 

კომისია საარჩევნო სისტემის ნაწილში შესწორებებზე იმუშავებს.

დღევანდელ კკენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციამაც მიიღო, მათ ერთჯერადად დაარღვიეს ბოიკოტის რეჟიმი, რომელსაც 2019 წლის 14 ნოემბრიდან მიმართავენ, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. 

"საკონსტიტუციო კომისიის შექმნა არის აუცილებელი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულების გზაზე იმისთვის, რომ საქართველო გადავიდეს ახალ საარჩევო სისტემაზე. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ გამონაკლისის სახით, ერთჯერადად მივიღეთ მონაწილეობა ამ კენჭისყრაში და მხარი დავუჭირეთ ამ კომისიის შექმნას, ვინაიდან ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს ამ შეთანხმების ფარგლებში", - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ კენჭისყრის შემდეგ. 

ქვეყნის მთავარ დოკუმენტში 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი საარჩევნო შეთანხმება უნდა აისახოს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პროპორციებით უნდა ჩატარდეს: 120 მანდატი პროპორციული სიით უნდა შეივსოს, 30 მანდატი - მაჟორიტარულით. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება.

შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციის განცხადებით, თუ ეს პუნქტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

კომენტარები