კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, გურიაში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული შ.ო., დააკავეს. შსს-ს ცნობით, მან თანამზრახველებთან ერთად, გურიაში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა.

"ბრალდებული ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს - 1939 წელს დაბადებულ გ.პ.-სა და 1940 წელს დაბადებულ ი.გ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ყაჩაღური თავდასხმის ერთერთი მონაწილე - შ.ო., მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები