მეუფე მელქისედეკი: მადლობა უფალს, ავისმოსურნეებს ლუგარის ლაბორატორიის ჩაშლა არ გამოუვიდათ

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ლუგარის ლაბორატორიის წვლილზე საუბრობს.

ეპისკოპოსი ფეისბუქზე წერს, რომ მას კარგად ახსოვს, ჯერ კიდევ ლაბორატორიის გახსნამდე, ანუ 2011 წლამდე რამხელა საინფორმაციო ომი მის წინააღმდეგ "შინაური თუ გარეული ავის მოსურნეებისაგან, იმ ხალხისგან, რომელთა ერთადერთი საზრუნავიც საქართველოსა და ქართველების დაზიანებაა".

"ამ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, თუ რამხელა ამაგის გაწევა შეეძლო ამ ლაბორატორიას კრიტიკულ შემთხვევებში და მაქსიმალურად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მისი ფუნქციონირებისთვის. მადლობა უფალ, ეს არ გამოუვიდათ. ჩემი უცხოელი მეგობრები, რომლებიც ევროკავშირისა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც იმ რთულ და მოკლე დროში განხორციელებული საქმეების შესახებ ვუყვები, რასაც ლუგარის ლაბორატორია აკეთებს.

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში იყო ჩართული, განსაკუთრებით კი ჩვენს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ათწლეულებია სრულიად უსასყიდლოდ ამ და სხვა სფეროებში განუზომლად გვეხმარება. ჩემთვის, ადამიანისათვის რომელმაც არაერთი წელი გაატარა უცხოეთში, განსაკუთრებით მგრძნობიარეა ემიგრანტების თემა, იმ ხალხისა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოწვეული განსაცდელის გადალახვა მშობლიური მიწიდან შორს, საერთოდ განსხვავებულ საზოგადოებასა და კულტურაში უწევთ. უფალს ვთხოვ, რომ განსაკუთრებულად გააძლიეროს ისინი და უვნებლად დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანასა და ოჯახებს.ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და ამასაც აუცილებლად დავძლევთ, მთავარია არ დავკარგოთ უფლის იმედი, გვიყვარდეს ერთმანეთი და დავუჯეროთ პროფესიონალებს", - წერს მეუფე მელქისედეკი.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ხდება ახალი კორონავირუსის შემთხვევების დადგენა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ის საქართველოში ბაქტერიებს შეისწავლის; ამზადებს სპეციალისტებს; აქვთ უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არა მხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები - კვლევითი საქმიანობისთვის; არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი; გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს;

ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალური ლაბორატორიაა.

ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

კომენტარები