თეთრ სახლში ტემპერატურას შეუმოწმებენ ყველას, ვისაც ტრამპთან და პენსთან კონტაქტი ჰქონდა

თეთრი სახლის განცხადებით, ტემპერატურას გაუზომავენ ყველას, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსთან ახლო კონტაქტშია.

თეთრი სახლის სპიკერის, ჯად დირის თქმით, ეს ნაბიჯი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიდგმება.

დონალდ ტრამპს არაერთი პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარასკევს, 13 მარტს, აშშ-მ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დახურულია სკოლები და სხვა დაწესებულებები, შეწყვეტილია ფრენები.

ტრამპმა გასული შაბათ-კვირა ფლორიდაში, თავის კერძო კლუბში გაატარა, სადაც, სულ მცირე, 3 ისეთ ადამიანთან ჰქონდა შეხება, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტმა covid-19-ზე ტესტიც ჩააბარა.

ბრაზილიის საელჩომ აშშ-ში პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნესტორ ფროსტერს ვირუსი გამოუვლინდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპთან ერთად სავახშმო მაგიდასთან იჯდა. ასევე, სავარაუდოდ ვირუსი აქვს ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამას უარყოფს. ის გასულ კვირას ტრამპს საქველმოქმედო საღამოზე შეხვდა.

აშშ-ში კორონავირუსი 2 751ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 61 დაიღუპა, 49- გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა 151 ქვეყნის 155 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა. დაიღუპა 5 800-ზე მეტი, გამოჯანმრთელდა - 74 ათასზე მეტი.

კომენტარები