კორონავირუსი და ეკონომიკა

ბედინეიშვილი: გადასახადებისა და ხარჯების შემცირება ამ მთავრობის დნმ-ს ეწინააღმდეგება

გიგა ბედინეიშვილი

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ტაბულასთან საუბრობს მთავრობის ინიციატივაზე, გაიზარდოს სახელმწიფოს ხარჯები კორონავირუსით ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად.

ფინანსისტის აზრით, "გაზრდილი ხარჯები მეტად დააწვება ეროვნული ვალუტის კურსს, ინფლაციასა და ბიუჯეტის დეფიციტს." ბედინეიშვილის თქმით, უმჯობესია, მთავრობამ კრიზისის ფონზე შეამციროს გადასახადები და მოუკლოს ხარჯვებს, განსაკუთრებით “უაზრო პროგრამებზე”.

“თუმცა ეს ამ მთავრობის დნმ-ს ეწინააღმდეგება” - ამბობს ბედინეიშვილი. მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ მთავრობა ფისკალურ პოლიტიკას გაამკაცრებს და პირიქით, გაზრდის ხარჯვას “უაზრო სახელმწიფო პროგრამებში”, რითაც ხელისუფლებასთან დაახლოებულები ისარგებლებენ.

კორონავირუსის მოსალოდნელი საფთხეებისგან ეკონომიკის დაცვაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 5 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა როგორც მონეტარული, ისევე ფისკალური სტიმულისთვის.

12 მარტს პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სტიმულირების გეგმის წარმოდგენა დაავალა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი თქვა, რომ გადაიხედება ბიუჯეტი და გაიზრდება სახელმწიფოს ხარჯები.

"ჩვენ გამოვალთ ძალიან მალე ბიუჯეტის კორეკტირებით და ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია."

ოპოზიცია მთავრობას გადასახადების შემცირებას სთავაზობს. ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეამცირონ საშემოსავლო, ქონებისა და აქციზის გადასახადები, გააუქმონ რეგულაციები და გაატარონ მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

კომენტარები