საარჩევნო სისტემა

ბოკერია: არსებითი საკითხია, რომ შეთანხმება შესრულდეს ყველა მიმართულებით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან შეთანხმების პირობების მიხედვით მოამზადა. ბოკერია ამბობს, რომ პროექტში ბუნდოვანებაა არის 40%-იან ჩამკეტთან დაკავშირებით, რაც დასაზუსტებელია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ეს არსებითი საკითხი არ არის.

კერძოდ, პროექტში წერია:

"კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით.

• ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს"

ბოკერია ამბობს, რომ ეს ნაწილი პატარა პარტიებს არ უნდა შეეხოს და ეს დასაზუსტებელია.

არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ 40%-იან ჩამკეტს, რომელიც ჩვენთვის საინტერესოც არ იყო და არ არის ამ ფორმით, როგორც მოცემულია. ხომ შეიძლება იყოს პარტია, რომელმაც გადალახა 1%-იანი ბარიერი, ან 2% აიღო და ორი ძლიერი მაჟორიტარი ჰყავდა და გაიყვანა, მას ეს არ უნდა შეეხოს, ალბათ არც იგულისხმება, რომ შეეხოს, სჭირდება დაზუსტება. მთავარი ჩამკეტი არის პროპორცია პარტიულ სიასა და მაჟორიტარული ოლქების რაოდენობას შორის, ეს ამოწურავს პრობლემას," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებაზეც ამახვილებს ყურადღებას, მისი თქმით, თავდაპირველ ვარიანტში თბილისს უსამართლოდ აკლდებოდა ოლქების რაოდენობა, ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე, თუმცა ეს საკითხიც მოგვარდა. თავდაპირველად თბილისში 7 ოლქი იყო გათვალისწინებული, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ კი, 8-მდე გაიზარდა.

"არსებითი არის, რომ შეთანხმება შესრულდეს ყველა მიმართულებით, ეს დოკუმენტი იქნეს მიღებული და პოლიტიკური კლიმატის ნაწილშიც მოხდეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა ქვეყნისთვის," - ამბობს ბოკერია.

8 მარტს ქართული ოცნება და ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება.

შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება პოლიტიკურ დევნას, ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმებისას კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იყო საუბარი, მათ შორის გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის და ბესიკ თამლიანის, ოცნებაში კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გავრებზე საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისათვის არ უნდა იყოს გამოყენებული.

კანონპროექტი, რომელიც უკვე ბიუროზეა დარეგისტრირებული იხილეთ აქ.

კომენტარები