ცნობილი შემსრულებლების კონცერტები, რომლებიც კორონავირუსის გამო გადაიდო

Entertainment Weekly

ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოსახლეობას მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება ურჩია. რეკომენდაციის გათვალისწინებით არაერთი ღონისძიება გაურკვეველი დროით გადაიდო.

გთავაზობთ იმ შემსრულებლების ნაწილს, რომელთაც დაგეგმილი კონცერტების გაუქმება ან გადატანა კორონავირუსის გამო მოუწიათ:

BTS

სამხრეთ კორეულმა ბოიბენდმა სეულში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. წინასწარი მონაცემებით აპრილში ღონისძიებათა სერიას სამხრეთ კორეის დედაქალაქში 200 000 მსმენელი უნდა დასწრებოდა.

Green Day

ტრიომ მარტში, აზიურ ქალაქებში დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა. Twitter-ის მეშვეობით ჯგუფმა მსმენელებს მოუბოდიშა და ახალი თარიღების ახლო მომავალში გამოქვეყნებას დაჰპირდა.

Madonna

ლეგენდარული შემსრულებლის ორი კონცერტი საფრანგეთმა გააუქმა. კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთავრობამ იმ ღონისძიებათა ჩატარება აკრძალა, რომელზეც დამსწრეთა რაოდენობა 1000 ადამიანს აღემატება.

Pearl Jam

სიეტლურმა როკ-ჯგუფმა ჩრდილოამერიკული ტური შეაჩერა."საკუთარ ქალაქში შევესწარით ვირუსის მიერ გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს... მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალ კონცერტებზე გამოსვლა ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, ტური უნდა შევაჩეროთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა".

მაილი საირუსი

13 მარტს მომღერალს ავსტრალიაში საქველმოქმედო კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. შემოსული თანხის ნაწილი ფონდში უნდა გადარიცხულიყო, რომელიც ხანძრით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. შემსრულებელმა უარი თქვა გამგზავრებაზე. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებული თანხა ფონდში მაინც ჩაირიცხება.

კომენტარები