ვენესუელა

ვენესუელაში ანტისამთავრობო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაარბია

NBC

10 მარტს ვენესუელას დედაქალაქში კარაკასში ანტისამთავრობო აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს. საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

"ჩვენ ვაგრძელებთ სვლას მანამ, სანამ ჩვენ მიზანს არ მივაღწევთ," - განაცხადა ვენესუელას ოპოზციის ლიდერმა და ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ აქციაზე საუბრისას.

გუაიდომ აქციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში არსებული სოციო-ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას მთავრობამ დედაქალაქში უეცრად სამხედრო წვრთნა დააანონსა და ეროვნულ ასამბელას ტანკები შემოარტყა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. 

აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში პოლიცია შეიჭრა სასტუმროში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვედრას მართავდნენ. სამი მათგანი დააკავეს. 

გუშინ პარალელურად კარაკასში მადუროს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. 

გასული წლის აქციებთან შედარებით, სადაც ასი ათასობით ადამიანი გამოდიოდა, გუშინდელ ანტისამთავრობო მიტინგზე შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.

10 მარტს აქციები ვენესუელას სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას როგორც ეროვნული ასამბლეის თამჯდომარეს უნდა დაეკავებინა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ. მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

6 იანვარს მადუროს დაქვემდებარებაში მყოფმა უშიშროების ძალებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა აიღეს და ხუან გუაიდოს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს ახალ სპიკერად გუაიდოს ნაცვლად ლუის პარრა დანიშნეს. გუაიდოს მოკავშირეებმა მომხდარს საპარლამენტო გადატრიალება უწოდეს. 8 იანვარს კი ოპოზიციამ პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლო და თავმჯდომარედ კვლავ გუაიდო დაამტკიცა.

4 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერაზე დემოკრატიის აღდგენის გზაზე ისაუბრა. მან ნიკოლას მადუროს სისხლიანი ტირანი უწოდა. ტრამპის გამოსვლას კონგრესში გუაიდოც ესწრებოდა. 5 თებერვალს ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს.

აშშ-მა რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობკომპანია როსნეფტს ნიკოლას მადუროს რეჟიმთან თანამშრომლობის გამო სანქციები 18 თებერვალს დაუწესა.

კომენტარები