საარჩევნო შეთანხმება

ევროსაბჭო: მივესალმებით შეთანხმებას, მოველით მის კანონმდებლობაში ასახვას

ევროსაბჭო

ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება და წერს, რომ ამ შეთანხმებით მრავალთვიანი გაურკვევლობა დასრულდა. 

განცხადების მიხედვით, ევროსაბჭო ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების კანონმდებლობაში ასახვას მოელის. 

"მივესალმებით საქართველოს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გუშინ, 8 მარტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას, რომელმაც დაასრულა ის გაურკვევლობა, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარე წლის არჩევნებამდე პერიოდში გზას უხსნის პოლიტიკური დებატების დეპოლარიზაციას.  

მოლაპარაკებების ფასილიტატორები საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის ევროკავშირი, აშშ, გერმანია და ევროსაბჭო. 

ჩვენ პარლამენტის მიერ ამ შეთანხმების კანონმდებლობაში ასახვას მოველით, ისევე, როგორც ყველა სხვა აუცილებელი ცვლილების, რომელიც საჭიროა საარჩევნო კანონმდებლობაში საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად. ევროსაბჭო, მის ორგანოსთან, ვენეციის კომისიასთან ერთად გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას ამ პროცესის წარმატებულად დასასრულებლად. 

ჩვენ ვაფასებთ პოლიტიკური პარტიების პირობას, მიაღწიონ ქართული მართლმსაჯულების ფუნქციონირების უმაღლეს სტანდარტს და დაიცვან სასამართლო და საარჩევნო პროცესები არასათანადო პოლიტიკური ჩარევისგან. ეს ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი ნორმებისა და საარჩევნო საკითხებზე ევროსაბჭოს სტანდარტების დაცვას,"- წერია განცხადებაში. 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები