ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა და, მისივე თქმით, სავარაუდოდ, ორმხრივი პნევმონია აქვს.
"ტემპერატურამ აიწია 38 გრადუსამდე. 12-დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე, მაგრამ ამ ორიდან ერთი კიდევ უფრო მძიმედ არის. დანარჩენი ათი პაციენტიდან ერთი აბსოლუტურად უსიმპტომოა, ცხრას აქვს მინიმალური სიმპტომები - ტემპერატურის მომატება 37-დან 37.6-მდე, მსუბუქი ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 42 პაციენტი წევს. მათგან 17-ზე აღებულია მასალა და გამოსაკვლევად არის გადაგზავნილი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, კაცს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა, ჯერ ჟანგბადით თერაპია არ დასჭირვებია.
"თუმცა, შესაძლოა, დასჭირდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - თქვა ცერცვაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელებასა და გაწერას, ცერცვაძის ინფორმაციით, პირველ პაციენტებს, რომელთაც ვირუსი დაუდგინდათ, ჯერ დაავადების დაწყებიდან 2 კვირა არ შესრულებიათ. მისი თქმით, პაციენტები 2-3 დღის შემდეგ ვირუსის არსებობაზე იქნებიან გამოკვლეულნი.
"თუ ორი თანმიმდევრული ანალიზის შედეგი იქნა უარყოფითი, გვეყოლება პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი", - თქვა ცერცვაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო ოთხი- იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი.





