არჩევნები 2020

უსუფაშვილი: ახლოს ვუტრიალებთ 40%-ის საკითხს, შესაძლოა, იყოს შეთანხმება

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

"ლელო საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრებზე 40%-იან პრინციპს "ძალიან ახლოს უტრიალებენ" და შესაძლოა, შეთანხმება შედგეს.

ეს კომენტარი უსუფაშვილმა მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

"თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის ფორმულა იყო ასეთი, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგით ვერ დაკომპლექტდეს უმრავლესობა პარლამენტში, მე მგონია, რომ ამ საკითხს ძალიან ახლოს ვუტრიალებთ, და შესაძლოა, იყოს შეთანხმება - შეთანხმება სწორედ პროპორციიულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის სათანადო პროპორციის დაცვით, ასევე სხვა მექანიზმები", - უთხრა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

ხელისუფლება ამბობს, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ბოლო დრომდე ამბობდნენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია.

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ.

გიგი უგულავას დაკავების გამო ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის და გერმანიის ელჩებთან არაფორმალური შეხვედრების კვალდაკვალ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ქართული ოცნებისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, 5 მანდატით მეტი თუ ნაკლები იქნება პროპორციულ ან მაჟორიტარულ მხარეს.

სავარაუდოა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა, დაუახლოვდება თუ არა ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები.

 

 

 

კომენტარები