არჩევნები 2020

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება

საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება. ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემა.

სავარაუდოდ, ეს ბოლო მსგავსი შეხვედრაა, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის წარდგენის ვადა იწურება.

"განწყობა საქმიანი გვაქვს, მზად ვართ ნებისმიერი განვითარებისთვის. ეს შეხვედრა ალბათ ბოლოა, ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა: მართლმსაჯულებას არ იყენებდნენ პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს პროპორციულ წესს", - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე ტვ პირველთან საუბარში.

ეს არაფორმალურ გარემოში, დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მესამე შეხვედრაა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას დაკავებას საარჩევნო სისტემის თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების შეწყვეტა მოჰყვა.

გასულ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათთვის პრონციპული მნიშვნელობა არ აქვს, 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს.

მანამდე უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

3 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40.

რაც შეეხება მაჟორიტარების შემცირებას, "ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა 40 მაჟორიტარულ ოლზე მეტად გეოგრაფიულად ვერ დაიყოფა.

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ.

 

კომენტარები