საარჩევნო სისტემა

ესტონეთის პრეზიდენტი: გვაწუხებს პოლიტიკოსების დაკავება და საარჩევნო სისტემის ჩავარდნა

ამერიკის ხმა

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩავარდნა აწუხებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ უჭერს.

ამის შესახებ კერსტი კალიულაიდმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ", - ამბობს ის.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებისგან ძალიან ბევრი რეკომენდაცია აქვს მიღებული და მათ სერიოზულად უნდა მოეპყროს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საქართველოს ამ მომენტისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზება არ აქვს, ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის.

უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან. მეორეს მხრივ, მზადყოფნა აუცილებელია. არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს. თუ გინდათ იყოთ რომელიმე კლუბის წევრი, ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ამ კლუბის წევრები", - ამბობს კერსტი კალიულაიდი.

კომენტარები