საარჩევნო სისტემა

ბოკერია თალაკვაძეზე: ისტერიისა და აგონიის შთაბეჭდილება მრჩება

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმაურება არჩილ თალაკვაძის გამონათქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები "ხალხის ინტერესებით, ხმებით და მანდატებით ვაჭრობენ".

"მე ვერ ვუსმინე თავიდან ბოლომდე ივანიშვილის ამ გამორჩეული კლოუნის ამ გამოსვლას, მაგრამ რაც მითხრეს, კვლავ ისტერიის და აგონიის შთაბეჭდილება მრჩება," - ამბობს ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის პასუხად.

"ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენი პოზიცია, ევროპული საქართველოსი, არის იგივე, რაც იყო. ჩვენ გვსურს განმუხტვა ვითარების, გვსურს ნორმალიზაცია. ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები ივანიშვილისგან. ეს კონკრეტული ნაბიჯები არის პოლიტპატიმრების გამოშვება და არსებითად პროპორციულ სისტემაზე შეთანხმება." - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციას ესმის, რომ საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული ვერ იქნება:

"სრულად პროპორციული რომ ვერ იქნება, სამწუხაროდ, გვესმის. ვართ მოქნილები. ამისთვის გვაკრიტიკებენ კიდეც, ჩემი აზრით, უსაფუძვლოდ, მაგრამ ვიღებთ კრიტიკას."

"ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ამ ვერსიაზე უმრავლესობის წევრებმა 1 მარტს ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. 

დღეს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები