კორონავირუსი

მამა ანდრია: თქვა, რომ კორონავირუსი არ შეგეყრება, მორწმუნეობა არ არის, სიგიჟეა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, იმის თქმა, რომ კორონავირუსი არ შეგეყრება, მორწმუნეობა არ არის.

მან ეს განცხადება ტვ პირველის ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციაზე და ზიარების წესის არ შეცვლაზე საუბრისას გააკეთა.

"მე რომ ვთქვა, არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძაან დიდი იდიოტი უნდა იყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ვკვდებით ჩვეულებრივად, ქოლერით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე. ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე", - თქვა მან.

ამასთან, ანდრია სარია გამოეხმაურა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებას, სადაც მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ "ღვინო, რითიც ვეზიარებით, ანტისეპტიკია". მამა ანდრიას შეფასებით, ეს საეკლესიო დარღვევაა.

მღვდელმონაზონმა ამ საკითხზე საუბრისას პატრიარქის განცხადებაც ახსენა, რომლის მიხედვითაც, მას ჰქონდა ხილვა - ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.

"უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს...გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება", - თქვა ანდრია სარიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. ეკლესია ამბობს, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა კი თქვა, რომ "ღვინო, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი" და მრევლს მოუწოდა დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

1 მარტს, საკვირაო ქადაგების დროს კათალიკოს პატრიარქმა ილიამ კი თავის "ხილვაზე" ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იყო ნიშანი, რომ ადამიანი ჯვრის ძალით გაიმარჯვებს ამ სენზე. ილია მეორეს "ხილვის" მიხედვით, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადაუფრინა ჰაერში, მერე მივიდა ბავშვი, დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე.

კომენტარები