კორონავირუსი

კორონავირუსი - 4 მარტიდან სწავლა საქართველოს ყველა კერძო და საჯარო სასწავლებელში შეწყდება

thedailysheeple.com

მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსის გამო, 4 მარტიდან, სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში შეწყდება.

"როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად" - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

ასევე საქართველოს მთავრობის ცნობით, საზოგადოების ინფორმირებისთვის, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები