რუსეთი-ირანი

ჰასან როუჰანიმ სირიის საკითხზე სამიტის ჩასატარებლად პუტინი ირანში მიიწვია

ვლადიმირ პუტინი და ჰასან როუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ვლადიმირ პუტინი სირიაში მიმდინარე სიტუაციის განსახილველად ასტანას ფორმატში სამიტის ჩატარებისათვის ირანში მიიწვია. ამის შესახებ რუსეთში ირანის ელჩმა განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ როუჰანიმ და პუტინმა ეს საითხი სატელეფონო საუბარში განიხილეს. როუჰანიმ პუტინი ირანში მიიწვია. მისი შემოთავაზებაა ასტანას ფორმის სამიტი უახლოეს მომავალში ირანში ჩატარდეს." ამბობს ქაზიმ ჯალალი.

მისივე თქმით მათი კოალიცია წარმატებულია:

"ტერორიზმთან საბრძოლველად სხვა კოალიციებიც შეიქმნა, თუმცა არცერთი მათგანი არ იყო ასეთი წარმატებული ტერორიზმთან ბრძოლაში. რუსეთისა და ირანის კოალიცია ერთადერთია, რომელიც წარმატებულად ებრძვის ტერორიზმს." თქვა მან.

რუსეთი და ირანი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს, რომელიც იდლიბის პროვინციაზე თავდასხმას აგრძელებს. მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია. თავდასხმებს მხოლოდ მიმდინარე წელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

აღსანიშნავია, რომ ირანში ამჟამად კორონავირუსის ეპიდემიაა. ოფიციალური მონაცემებით გამოვლენილია დაავადების 1,500-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით დაიღუპა 66 ადამიანი, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს აღემატება. ირანთან საზღვარი ჩაკეტეს მისმა მოსაზღვრე ქვეყნებმა.

კომენტარები