საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: 40 მაჟორიტარულ ოლქს ქვემოთ, უბრალოდ, გეოგრაფიულადაც შეუძლებელია ნორმალური დაყოფა

ტაბულა

"როგორ წარმოუდგენია ვინმეს, 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო?!" - უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, რაიონების 20 მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა წარმოუდგენელია, მდინარაძე ამბობს, რომ 40 მაჟორიტალურ ოლქად დაყოფა ოპტიმალური ვარიანტია. 

"4-5 რაიონი როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გაერთიანდეს ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ვინმემ მომიყვეს და მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ ცოტა სერიოზულად მაინც. ჩვენთვის სულერთია, რომელიც უნდათ ამოირჩიონ 100/50, 110/40, მაგრამ 40-ს ქვემოთ უბრალოდ გეოგრაფიულადაც შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს ყველაფერი.," - ამბობს მდინარაძე.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ამაში უმრავლესობის ლიდერი, მისივე თქმით, ოპოზიციას სრულ ტავისუფლებას აძლევს და ამბობს, რომ იმ ბარიერს დააწესებენ, რასაც ოპოზიცია იტყვის.


"რამდენი პროცენტიც უნდათ ერთი, ორი, სამი, თვითონ შეთანხმდნენ და გადაწყვიტონ. 34-ვე პარტია თუ ადამიანი შეიკრიბონ იმსჯელონ და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში," - ამბობს მდინარაძე.

ოპოზიცია ამ დროისათვის ქართყული ოცნების ახალ შეთავაზებას ელოდება. "ოცნებაშ" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ამ ვერსიაზე უმრავლესობის წევრებმა 1 მარტს ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. 

ახალი ვერსიის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სანამ კანონპროექტს არ ნახავენ, შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა როგორც მამუკა მდინარაძის ნათქვამიდან ჩანს, ქართული ოცნება მაჟორიტარების რიცხვის 40-ზე მეტად შემცირებას არ აპირებს.

ამ ორი ვარიანტიდან კი რომელზეც მდინარაძე საუბრობს, 100/50 და 110/40 ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ვარიანეტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები