კორონავირუსი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ 13 პაციენტს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება

facebook

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოდან გადმოყვანილ 13 პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ. მისივე თქმით, პაციენტები დაკვირვების მიზნით არიან გადმოყვანილები და უმეტესობას ტემპერატურა არ აქვს.

"კარანტინის წესები მოითხოვს მაინც რომ იყვნენ იზოლირებულნი და დაკვირვების ქვეშ. ამას თავის წესები აქვს საკარანტინო, ამიტომ ეს პაციენტები შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში . ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან 4 პაციენტს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37.2 -ის ფარგლებში. სხვა გამოხატული სიმპტომები კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არ აქვთ. დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან, ნახავს პაციენტებს და გადავწყვეტთ რამდენს გავუშვებთ სახლში და რამდენს დავტოვებთ დაკვირვების ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ეს პაციენტები რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, რადგან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ ამიტომ ყველაზე მსუბუქი პაციენტების დაკვირვების მიზნით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენს კლინიკაში"- თქვა გოფოძემ და აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით არანაირი რისკი არ არსებობს.

საავადმყოფოს საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. რესპუბლიკური საავადმყოფოში ამჟამად მყოფი პაციენტები სხვა სამედიცინო დაწასებულებებში გადანაწილდებიან.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული სამ ადამიანს აქვს - ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის კორონავირუსზე გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, დაახლოებით ასამდე ადამიანი არის იზოლაციაში საჩხერეში, აბასთუმანსა და თბილისში არსებულ საიზოლაციო სივრცეებში.

კომენტარები