არჩევნები 2020

ბოკერია: გვინდა ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას და უფრო ნორმალურ გარემოში დავამარცხოთ რეჟიმი

ევროპული საქართველო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში, გუშინ, გერმანიის ელჩთან გამართული არაფორმალური შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ ქართულ ოცნებასთან ჯერჯერობით რაიმე პროგრესი არ მიღწეულა.

ბოკერიამ განმარტა, რომ ჩიხიდან გამოსვლაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრებს გუშინ სასოწარკვეთის ნიშნები ჰქონდათ, რაც განპირობებულია იმით, რომ "თავიანთ აგონიაშიც კი ხედავენ, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ".

"სიტყვებს ივანიშვილის მხრიდან მნიშვნელობა, რომ არ აქვს ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით. უნდა ვნახოთ ნაბიჯები, მარტივი საკითხებია ხო - პირველი საკითხი არის პოლიტიკური რეპრესიები, უნდა შეწყვიტოს რეპრესიები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მეორე საკითხი არის ის, რომ თქვას, როგორ დათანხმდება გონივრულ კომპრომისზე, რომ არსებითად პროპორციული არჩევნები იყოს.

ჩვენ თავის დროზე ამის ბევრი ვარიანტი შევთავაზეთ: ადაპტირებული გერმანული მოდელი, კლასიკური გერმანული მოდელი, ბოლოს, სწორედ იმიტომ რომ, ოპოზიციას ამ რთული ვითარებიდან გვსურს კომპრომისი, პოლიტმატიმრების საკითხთან ერთად ვუთხარით, რომ აი, კი ბატონო, არ მოეწონობა ეს საზოგადოების ნაწილს, მაგრამ არსებითი უპირატესობა უნდა ჰქონდეს პარტიას, რომ უმრავლესობა შექმნას და ციფრებითაც დავუთვალეთ - 130/20-ზე მაგალითად. კარგი არ არის, 150 უნდა ყოფილიყო პროპორციული, მაგრამ, რადგან ჩიხიდან გამოსვლაზეა საუბარი, რომელიც თვითონ შექმნეს, დემოკრატიული ოპოზიცია არის მოქნილი და ეს ვარიანტიც ვუთხარით, ახლა აქედან აირჩიონ და გადადგან ნაბიჯები ორივე მიმართულებით. აი, მაშინ ვიტყვი, რომ არის რაღაცა პროგრესი", - თქვა მან.

გიგა ბოკერიამ საზოგადოების იმ ნაწილის შეფასებებზეც ისაუბრა, რომლებმაც დიპლომატებთან არაფორმალური შეხვედრები, რომლებსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, "ვაჭრობად" შეაფასეს.

"ძალიან არაჯანსაღი, უპასუხისმგებლო და მე ვიტყოდი ბრიყვული კამპანია ვნახე ზოგიერთი საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან, რომ ვაჭრობის სუნი ასდის, აქ რაღაც მოხდება, მეორე მხრიდან იყო ექსტრემისტული განცხადებები, რომ უნდა ჩატოვონ ახლა ვიღაცები ციხეში - კლასიკური ამბავია და სხვათაშორის თუ რამე დახმარებაზეა ლაპარაკი ივანიშვილის რეჟიმისთვის ამ სასოწარკვეთის პირობებში აი, ეს ისტერიკა და ნერვიულობა არის ამის გამოვლინება.

სხვათაშორის, როგორც თავის დროზე გირჩი შეხვდა ცალკე [ქართული ოცნების წარმომადგენლებს], ამბობდნენ - აი, რა ხდება, დაშალა ოპოზიცია. ეს ყველაფერი არის, გულწრფელი ადამიანების იმედი მაქვს, მაგრამ უპასუხისმგებლო რეაქცია. სინამდვილეში, ვითარება არის უცვლელი, სამწუხაროდ, კარგი იქნება რომ იყოს არსებითი ცვლილება და მე პირადად, ჩვენს გუნდს "ევროპულს საქართველოს" გვსურს, რომ იყოს ცვლილება, ნაკლები ზიანი მიადგეს ქვეყანას და მერე, შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში, ჩვენ, მთელი საზოგადოება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, დავამარცხებთ ამ რეჟიმს, პოლიტიკურ ჭირს და მერე უნდა ვიპოვოთ გზები ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოსვლისა", - თქვა მან.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

კომენტარები