კორონავირუსი

კორონავირუსის გამო საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გახანგრძლივდა

iStockphoto

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ," - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

ამას გარდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაა დადასტურბული.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 83 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,800-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 78 000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 3700 შემთხვევაზე, საიდანაც 57 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები