საარჩევნო სისტემა

ვაშაძე: არავითარი მე-5 რაუნდი დაგეგმილი არ არის, არაფორმალური შეხვედრები იქნება თუ არა, არ ვიცი

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ქართული ოცნების შეთავაზებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ დაგეგმილი არ არის.

ეს განცხადება მან გერმანიის ელჩთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც, ქართული ოცნების მტკიცებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ იდეებზე იმსჯელეს, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს.

"ქართულმა ოცნებამ პირველი ნაბიჯი გადადგა იქით, რომ მოხსნა ეს თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც, ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით. არავითარი მეხუთე რაუნდი დაგეგმილი არ არის, არაფორმალური შეხვედრები გაგრძელდება თუ არა, ვერ გეტყვით", - თქვა ვაშაძემ.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

კომენტარები